მოგონებები

გულქან რაზიკაშვილის მოგონებები ვაჟა-ფშაველაზე

   ისე დავბერდი სიხარული რასა იქვიან, არა ვიცი. გული მაწუხებს ლაპარაკსაც ვერ ვიტან. ექიმებთან ვერ მივდივარ. ერთი-ორი ქათამია, იმათ ვერ ვანებებ თავსა… ტყეში დაბერებული ვარ, საქონელში. ძროხების მოვლაში გავიზარდე და დავბერდი… რო წვიმს, წვიმს, წვიმს, დგეხარ ველზე შიშველ-ტიტველი, დაბერდები, აბა რა მოგივა.
     მე და მამას ერთ კალაპოტში გვიდგა ფეხები და ერთნაირად დავბერდით… მამაჩემი იყო ტანჯული და ეხლა მენა ვარ ასეთი. მე და მამამ ხო წუთისოფლისა ვერაფერი გავიგეთ… თავის დედის სახელი დამარქვა – გულქანი. 
     სიკვდილის წუთებში ეთქო, გულქანი დამრჩა შუა გზაზედაო. ხუთ შვეილში მარტო მეღა ვარ დამრჩალი ბუვივითა. ხუთმეტისა ვიყავ, მამა რო დამეღუპა… მოხრილი ვარ, ძლივს დავცოცავ. ვერაფერი ვერ ვიცი წუთისოფლისა. ხალხი აქამდე მაშინებდა, ეხლა მივეჩვიე…
     დღე-ღამეს ასწორებდა მამაი, მე ჭრაქს უზიდავდი საქონიდან, ღამე იმას უნთიებდი და ისა სწერდა. რო დასწერდა, მკითხავდა მოგწონსო?.. ალბათ მცდიდა, როგორ ესმისო. კარგია, მამაო,რო ვეტყოდი, სახესა ნათელი გადაუვლიდა…
     ძროხებში დავბერდი, საქმეში დავბერდი, ახლაც ვერ გამაშვებინებენ საჩეჩელ-საქსოვ-სართავსა. მამაიც ეგეთი იყო. სუ შრომა… – შვილო არ მომიტანეო ჭრაქიო? … ნავთი არა გვქონდა


                    ვაჟა-ფშაველას პოეტური შემოქმედება ( მოგონებები)

        ვაჟას იმდენად უყვარს ქართველი ერი, რომ მისთვის წარმოუდგენელი იყო თუ რომელიმე ქართველს შეეძლო ილიას სისხლში გაესვარა ხელი. „-ადვილი შესაძლებელია მკვლელებად ქართველებიც იყვნენ, მაგრამ იმ ქართველებს იარაღად ხმარობს მეფის ჟანდარმერია“, (9,250) - დაბეჯითებით იმეორებდა თურმე ამ შემზარავი ამბის გაგონების შემდეგ.
ვაჟამ ილიას ცხედართან ფიცი დასდო, რომ ქართველები მის მიერ აფრიალებულ დროშას თვალსაჩინოდ მაღლა ასწევდნენ და ერთგულად ემსახურებოდნენ მის მიერ ნაანდერძევ იდეალებს „ძმობის, ერთობის, თავისუფლების და სიყვარულისაც მტკიცედ, შეუდრეკლად“ (5,699).
ვაჟამ 1909 წელს ილიას ხსოვნას მიუძღვნა ლექსი „შენდამი“, სადაც კიდევ ერთხელ ეფიცება:
„ჩემთ ცრემლთა ღილებს შეგიბამ,
მოქარგულს ტრფობის ძაფითა,
უკვდავს ვქმნი შენსა სახელსა,
დღეს შემურვილსა ლაფითა;
შემკობილს აზრით და გრძნობით
მეც გეახლები დაფითა“ (12,193-194).
      ვაჟას ფიცისთვის არ უღალატია. ის ძილშიაც ბუბუნებდა, „ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე“-ო და სიცოცხლის ბოლომდე ქართველთა ინტერესების დამცველად გამოდიოდა.
        მაშინ, როცა ვაჟა ხურჯინით გამოჩნდა, საქართველოში პროზა ვითარდებოდა, პოემებს თითქმის ყურადღება არ ექცეოდა, მაგრამ „სოფლელმა“ ცალთვალა ბიჭმა სრულიად შეცვალა ხალხის დამოკიდებულება ლექსად მოთხრობილი აბებისადმი, მისმა გულის სიღრმიდან ამოსულმა შემოქმედებამ, რომელიც სათავეს ხალხური ზეპირსიტყვიერებიდან იღებდა, ხალხში მოწონება და სიყვარული მოიპოვა.
ვაჟა-ფშაველა განსაკუთრებით ახლოს იდგა საქართველოს ბუნებასთან, მის მთასთან, „უსულო საგნებს სული ჩავბერე, ავასაუბრე ლოდები კლდისა,“ წერდა ის. მას, მხოლოდ მას შეეძლო მთებისთვის მოეთხოვა სიმღერა; „რატომ არ მღერით მთებო?“ - ეკითხებოდა ის და საკუთარ დარდებს ანდობდა. ვაჟამ იცოდა, რომ მთასაც შეეძლო ადამიანივით ფიქრი და მათი აზრების ამოკითხვას ცდილობდა. „თქვე კარგებო!“ - მხოლოდ მას შეეძლო ასე მოფერებოდა მთებს. „ნისლი ფიქრია მთებისა, მათი კაცობის გვირგვინი,“ - მიაჩნდა პოეტს და ადამიანებივით ესაუბრებოდა მათ.

მთების მოტრფიალე პოეტი სიკვდილის შემდეგ სამუდამო ბინას მთაში იმსახურებდა და გარდაცვალებიდან ოცი წლის შემდეგ მისი ნეშთი დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდას გადაასვენეს. ამ პროცესს ს. ჩიქოვანიც დასწრებია. „მისი უბადლო, შთაგონებული ფიქრებით სავსე თავი შიშველ თავის ქალად ქცეულიყო. იგი საშინელებას არ ჰგვრიდა მნახველს და არც საწუთროს ამაოების გრძნობას იწვევდა. რაღაც გამოუცნობი მიმზიდველობა შერჩენოდა და საოცარი მსგავსება ჰქონდა მრავალ ფოტოსურათზე სიცოცხლეში აღბეჭდილ პოეტის სახესთან - ამავე დროს იგი ციცაბო კლდიდან ჩამოტეხილი უცნაური ხმების ბუდესაც ჰგავდა. ფოტოსურათზე აღბეჭდილი პოეტის ვაჟკაცური იერი არ განშორებოდა თავის ქალას და მეგონა ძლიერ ახლობელი ადამიანის სახის ნაკვთებს დავყურებდი. თვალს ვერ ვაშორებდი პოეტის ნეშტს, რომელიც საფლავიდან გვიახლოვდებოდა და იქიდან იდუმალი ფიქრები ამოჰქონდა“ (18,249).

Комментариев нет:

Отправить комментарий