შემოქმედება

        

აკაკის საიუბილეოდ

შობელი ქვეყნის მოზარევ,
უნდა გიმღერო მთურადა.
იმავ ჭირით ვარ სნეული,
რაც შენ გატყვია წყლულადა.
რა ვუყოთ?! ბედი, შავბედი
თუმცა გვექცევა მგლურადა,
მაინც ვაჟღერებ ჩონგურსა
მტარვალთა შესამუსრადა,
შენს სამახსოვროდ, მოხუცო,
თავს ჩაჩქნად დასახურადა!

            დაგვიანებული პასუხი აკაკის

ენას გიწუნებ, ფშაველო,
მგოსანო მაღალ მთისაო,
თუმც კი გვითესავ მარგალიტს,
მკითხველიც იმას მკისაო.
აკაკი
ბევრი ვიფიქრე ძალიან,
თუ რა პასუხი გამეცა
შენთვის, მხცოვანო პოეტო;
დღეცა ვფიქრობდი, ღამეცა.
როს დავაპირე სიტყვის თქმა,
უცებ თავზარი დამეცა,
სიტყვა, მოსული სათქმელად
ენიდან მომწყდა, გამექცა.
დავღონებულვარ ძალიან,
თითქოს სახლ-კარი დამექცა.
რადა? რა ღმერთი გამიწყრა
მარგალიტების მფლობელსა,
რომ თავის უშნო ენითა
ვერას ვაგონებ მშობელსა?!
ბულბულისათვის გალობა
დაუწუნია რომელსა?
მარგალიტების მფლობელი
ენასა ხმარობს ღონედა,
და როცა მარგალიტს სთესავს,
ან თუ ააგებს ყორედა,
მაინც ის არი, რაც არი,
ჭორები მოაშორეთა!
იქნებ მე, ჩემმა ენამა,
სამშობლო დავაღონეთა?
ფრთები შევკვეცეთ ოცნებას,
დავამხეთ, დავამონეთა?
უვარგისობის მიზეზი
ფშავლობა არის სწორედა.
მოძღვნილი არი მთის მიერ,
ჩამოტანილი ქარისა,
რატომ არ ჰგუობს, არ ვიცი,
ამ ჰანგს ბუნება ბარისა?!
აქაც ხომ ქართველები ვართ,
ყვავილი აქაც ჰყვავისა,
ხატად ჰყავ, სალოცავ ხატად,
მთიელთ სამშობლო თავისა.
და ენა მთისა სიმტკიცით
მსგავსია კლდისა სალისა;
იქნებ, აკლია, არ ვიცი,
ამ ლომს სინაზე ქალისა?
ამისთვის დასაგმობია
და წასაღები წყალისა?!
კაცი მეტყველი, მგრძნობელი,
ცხოვლად ამხელი თვალისა,
ამგვარის ამბის მოწამე,
შევდრკე, დავმუნჯდე ლამისა.
მაინც წინ მივალ, მაინცა,
არ მეშინიან შარისა,
გულს მისვენია ხატადა
ენა მთისა და ბარისა.
მე არც ერთს კილოს არ ვწუნობ,
თუა ქართველის გვარისა,
მოთაყვანე ვარ ყოვლისა
იმათ ტკბილის და მწარისა.
სხვა რამ მაშინებს, ისა ვსთქვათ,
დამხშობი მზის და მთვარისა,
სამშობლოს დამამხობელი
და გამომჯრელი კარისა
სჯობს, რომ იმაზე ვიტიროთ,
მუდამ მთქმელი ვარ ამისა,
ნუ შეგაშინებსთ, არ გავნებსთ
მთიდან ყვირილი ხარისა.

ილიას საღამო

ფშავის ხევიდან ვესტუმრე
დღეს იმერეთის მხარესა.
ამ ტურფა არემარეში
ფიქრებს განვიცდი მწარესა.
ვდღესასწაულობთ კარგ დღესა,
დაღამებულსა შავადა,
ბოლოს-რა ვიხრით მის წინ ქედს,
ვინც ჩვენ მოვკალით ძალადა.
ბოლოს-ღა ვტირით და ვნანობთ,
რად მოვეპყარით ავადა,
დიდს მოამაგეს მამასა,
ჩვენს საწყლობაზე მტირალსა:
გაფხიზლდით, გაიღვიძეთო,
დაუცხრომელად მყვირალსა,
ქართველ მუშაკთა წინამძღვარს
მოაზრეს გასაკვირალსა.
გზა შევუკარით, თოფები
ვესროლეთ, როგორც ფირალსა.
მას, ვინც ურჩევდა თავადსა,
ძმობა ჰქონოდა გლეხთანა,
სწამდა, რომ ამით ძალასა
შეიმატებდა ქვეყანა,
და უფრო საშიშრად ჰქმნიდა
ერთად ორივეს მტერთანა.
ვინაც თავისი სამშობლო
თვით ღმერთზე მეტად იწამა
და დიდად პატარა ერი
გულმა ითვისა მისამა,
უდროოდ უნდა შეჭამოს
ოხერმა დედამიწამა?!
ახ, რა ცუდია, რა ცუდი
გზა-არეულად მსჯელობა,
ცეცხლ-მოდებულის ერისა
თავისვე თავის მტერობა!
დიდხანს იცოცხლებს ჩვენშია,
ნეტავ, ასეთი ხელობა?
შავმა დრომ შავი ნაყოფი
ჩამოგვაბერტყა თავზედა:
ცრემლი, ცეცხლი და მუქარა
დარაკად გვიდგა კარზედა.
ნუთუ არ არის ეხლა დრო,
ვმღერდეთ შეწყობილ ხმაზედა?
გაფრინდი, ჩემო ოცნებავ,
გასჭერ სამარის დირენი,
იქ ნახავ მამულიშვილთა,
არიან არა-მცირენი,
და დაამშვიდე ამ ამბით
ის ჩემი ამატირენი.

ჩვენს ილიასაც იქ ნახავ,
გთხოვ, ანუგეშო სიტყვითა:
მტკიცდება ქართველთ კავშირი
ძმობა-ერთობის ფიცითა,
მტერსა და მოკეთეს ვარჩევთ,
კარგი და ავი ვიცითა,
მის ანდერძს ვიჭდევთ გულში ღრმად,
ვატარებთ გულის ფიცრითა.

Комментариев нет:

Отправить комментарий